Tbilisi Single Line Skyline

 

ჩვენ ვცხოვრობთ ნაცრისფერ ქალაქში, სადაც შენობებს ერთფეროვანი იერი აქვს.  თბილისის ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობების უმეტესობა უფერო, უღიმღამო, გეტოს ტიპის  შენობებია.

 

მოგეხსენებათ, რომ საცხოვრებელი გარემო ზემოქმედებას ახდენს ადამიანსა და მის განწყობაზე.  არქიტექტურა კი ამ გარემოს არსებითად მნიშვნელოვანი ნაწილია. თბილისში სიმწვანესა და ბუნების სილამაზეზე მეტად ნაცრისფერი ჭარბობს.  საყოველთაოდ ცნობილია, რომ საქართველოს ლანდშაპტი  გამოირჩევა უნიკალური ბუნებით.  ქვეყანას გააჩნია  რესურსი, რომ საცხოვრებელი გარემო იყოს მწვანე, მდიდარი სარეკრიაციო ზონებით. საქართველოს ბუნების სილამაზეზე აღმატებით საუბრობენ უცხოელი ტურისტები, თუმცა ამავდროულად  შეუმჩნეველი არ რჩებათ  ერთფეროვანი არქიტექტურა. საქართველო ტურისტული თვალსაზრისით საკმაოდ აქტიურია და ამ მხრივ უცხოელ დამთვალიერებლებსა და საქმიანი ვიზიტით ჩამოსულ სტუმრებს თვალთახედვიდან არ გამორჩენიათ დედაქალაქის ერთფეროვანი იერი. საქართველო-გერმანიის მატჩზე თბილისს გერმანიის ეროვნული ნაკრების მეკარე, იენს ლემანი, ეწვია  და მის ობიექტივში მოხვდა  სასტუმროს ფანჯრიდან გადაღებული თბილისის კადრი. მეკარემ ყურადღება გაამახვილა ქალაქის ნაცრისფერ იერზე  და თავის   Facebook გვერდზე ამას ფოტომასალა და ირონიული კომენტარიც დაურთო.  „თბილისი, ყველაფერი ნაცრისფერია ერთი გამონაკლისის გარდა“ და ამ გამონაკლისში ის აუზს გულისხმობდა და მეტს არაფერს.

ერთფეროვანი თბილისი და მისი მიზეზი

ქალაქი ცოცხალი ორგანიზმია, რომლის განუყოფელი ნაწილია არქიტექტურა, ის ქმნის ქალაქის მთლიან იერსახეს, ერთგვარ წარმოდგენას აყალიბებს ქვეყნისა და ქალაქის განვითარების დონის  შესახებ. მითუმეტეს როცა საუბარი ეხება დედაქალაქის არქიტექტურას, მის განაშენიანებაში მაქსიმალურად უნდა იყოს ჩართული კრეატიული, გამორჩეული სილამაზისა და დიზაინის შენობები და არა ის უხეში ვიზუალის მქონე სახლები, რომლებსაც დღეს თბილისის უბნებში ვხედავთ. ამ შენობების უმეტესობა დაგეგმარებულია 70-80-იან წლებში, ამის შემდეგ მათ განახლებაზე არავის  უზრუნია.  თბილისის არქიტექტურის 80 %-ს სწორედ ასეთი სტილის შენობები შეადგენს.

მეტი ფერი ქალაქში

არქიტექტურა არის ის, რაც ყველა ჩვენგანს ეხება, ის ქმნის გარემოს, რომელშიც ვცხოვრობთ  და ჩვენ ვცხოვრობთ ქალაქში, რომელიც დაცლილია ფერებისგან, მაშინ როდესაც ქვეყანას გააჩნია უნიკალური რესურსი და ყველანაირი შესაძლებლობა იმისა, რომ დედაქალაქი იყოს ცოცხალი და ფერადი.აღსაღნიშნავია, რომ ამ უფერო თბილისის ძირითადი  გამომწვევი მიზეზი გასულ საუკუნეში დაგეგმარებული შენობებია. ჩვენი საცხოვრებელი გარემოს  გაფერადება და მისთვის ახალი, თანამედროვე იერის მინიჭება ჯერ კიდევ შეიძლება. ამისთვის კი საჭიროა მშენებლობის ნებართვისთვის წარდგენილ პროექტებს თან ახლდეს სარეკრეაციო ზონის სქემა, პარკებისა და სკვერების დაგეგმარებისა და განაშენიანების პროექტი. ეს ყველაფერი უზრუნველჰყოფს ქალაქში  ფერთა გამის  შემოტანას. და თუ ყველა ახალ პროექტს თან  დართული ექნება სარეკრეაციო ზონის გეგმა, ეს ხელს შეუწყობს ქალაქში  ვიზუალური მხარის გალამაზებას.  ჩვენი საცხოვრებელი გარემოც მეტად მხიარული ეკოლოგიურად სუფთა და ფერადი იქნება.

    ვიზრუნოთ ჩვენი ქალაქის გაფერადებაზე.

 

 

ავტორი: მარიამ მახარაძე

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.